საქართველოს ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიკ მარანი ეწვია. ვიზიტის მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნაში მონაწილეობის მიღება და სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა იყო.
თავდაცვის უმაღლესი კურსის გახსნის შემდეგ მიკ მარანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს საგარეო პრიორიტეტები და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.
დღესვე ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, თამარ ქაროსანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება, ძირითადად, ადამიანური რესურსების მართვასთან, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასთან (PDP), კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებასთან, და საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსთვის ესტონეთთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ და საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, მნიშვნელოვნად ეხმარება მას რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები