ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ნიაზ დიასამიძე – 33ა“ კონცერტს გამართავს

23 ივნისს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ნიაზ დიასამიძე – 33ა“  კონცერტს გამართავს. კონცერტი გაიმართება საერთაშორისო ფესტივალის „თბილისი რიტმისა” და “ჩეკ-ინ ჯორჯიას” ფარგლებში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს რეგისა და ფოლკ-როკის გემოვნებიანი სინთეზი დაბალანსებული გიტარისა და ფანდურის ჟღერადობით, რასაც ნიაზ დიასამიძის გამორჩეული ხმის ტემბრი შეავსებს.
მისი საოცარი ხმის ტემბრი ჰარმონიულად აბალანსებს გიტარისა და ფანდურის ჟღერადობას. ამ ყველაფერში იგრძნობა ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემა და ძლიერი რაინდული სულისკვეთება, რამაც განაპირობა ნიაზ დიასამიძის პოპულარობა ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში.
თბილისის კულტურულ ღონისძიებათა კალენდარში ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გასული წლის 24 ოქტომბერს გამოჩნდა, როცა ორგანიზატორებმა ფესტივალის დაარსების იდეა ოფიციალურად წარადგინეს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით „მარე ნოსტრუმ“- იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.
წლევანდელი ფესტივალი 12 ივნისს წარმატებით გახსნა ჯაზის ამომავალმა ვარსკლავმა, ფრანგმა გიტარისტმა და კომპოზიტორმა ტომ იბარამ ჯგუფთან ერთად. მეორე დღეს წამყვან ქართველ ჯაზმენებთან ერთად გამართულმა ჯემსეიშენმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ტალანტი, საოცარი იმპროვიზაციის უნარი და მელოდიურობის უსაზღვრო დიაპაზონი.
ფესტივალ “თბილისი რიტმის” დამფუძნებელია კომპანია „თაგის არტი – მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები