„მინა, როგორც ტილო“ – ეთერ თედიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
სამხატვრო გალერეა AKHUNDOV HOUSE-ში თვითნასწავლი მხატვრის ეთერ თედიაშვილის პერსონალური გამოფენა – „მინა, როგორც ტილო“ გაიხსნა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე ეთერ თედიაშვილის მინაზე ხატვის და ღუმელში გამოწვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი.
დაიბადა თბილისში, განათლებით ფილოლოგი და მუსიკოსია (მევიოლინე), დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს უკრავდა მშობლიური ცხინვალის კამერულ ორკესტრში, თბილისში ქალთა სიმებიან კვარტეტში და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ორკესტრში. მისი პირველი მოთხრობები „ანტრაქტი“ და „დისჰარმონია“ დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“. ავტორია წიგნისა „ბერგ ჰაილ“, სადაც შესულია მისი პროზაული ნაწარმოებები და მინაზე შესრულებული ნახატები. მისი მოთხრობები დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“.
მინაზე ხატვისა და ღუმელში გამოწვის ტექნიკა გერმანიაში შეისწავლა. ექსპერიმენტების გზით გამოიმუშავა საკუთარი ხელწერა, აქვს საკუთარი მიგნებები ტექნიკაში.
1998 წლიდან მიწვეული იყო გერმანიაში დიზაინური მინის საწარმოში მხატვარ-დიზაინერად. მისი დიზაინით შესრულებული მრავალი ნამუშევარი შესულია ამ ფირმის კატალოგებში და წარმატებით გადიოდა მთელ მსოფლიოში.
ამჟამად თბილისში, ლარსის ქუჩაზე საკუთარი სალონი „ეთო სტუდიო“ გახსნა. სალონის კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. არის მხატვართა კავშირის წევრი.
მუშაობს რომანზე, რომელიც ცხინვალის მოგონებებს მოუყრის თავს.
გამოფენა „ახუნდოვ ჰაუსის“ გალერეაში 30 ივლისამდე გაგრძელდება.
მის: გორგასლის 17 (ორთაჭალა).