ნანა დევდარიანი: ძალიან რთულია, „რუსთავი 2″ მედიასაშუალებად აღიქვა

„გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რუსთავი 2″-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. მისი განცხადებით, „რუსთავი 2″ არჩევნების წინ არეულობის შექმნას ჩვეული სტილით ცდილობს.
„ბედის ირონიით, ყველაზე მეტად, ახლა ის პიროვნება ხმაურობს, რომელიც ამ ჩანაწერებს თავად იყენებდა, ამის საფუძველზე საქმეები ითითხნებოდა და ადამიანები ისჯებოდნენ. სულ არ გამიკვირდება, რომ თავად მათი დამონტაჟებული იყოს იმიტომ, რომ საინფორმაციო საშუალებას არანაირი პრობლემა არ აქვს, საკუთარ ოფისში რაიმე მოწყობილობა დაამონტაჟოს. ისევე როგორც, არ გამიკვირდება, თუ ამას სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებდნენ. ისინი ისე გატაცებულები იყვნენ, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ლოგინშიც კი უთვალთვალებდნენ.
ძალიან რთულია, „რუსთავი 2″ მედიასაშუალებად აღიქვა. პირადად, ჩემთვის ასევე არ წარმოადგენდა ის მედიასაშუალებას 11 წლის წინ, ეს იყო პროპაგანდის იარაღი. კომუნისტების დროს არსებობდა გაზეთი კომუნისტი და ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პარტიული გაზეთი. „რუსთავი 2″-იც იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანო”, – განაცხადა დევდარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები