ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების საკითხებზე საჯარო განხილვების მხარდაჭერას განაგრძობს. ხულოსა და ქედაში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ავთანდილ მესხიძე და სამინისტროს შესაბამისი ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილ პროექტებს – „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ახორციელებენ. პროექტების მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის შემცირება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით.
შეხვედრის ძირითადი საკითხები სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს შეეხებოდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის საკითხებს, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შექმნას. “საქართველოს პროგრესი და ქვეყნის ძალისხმევა სოფლის განვითარების საერთო ეროვნული მიზნების მიღწევის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია სოფლის მოსახლეობისათვის აჭარაში. ადგილობრივების მხარდაჭერა, მათ შორის, არაფერმერულ აქტივობებში მათი ჩართულობის წახალისების მიზნით, განიხილება სოფლად სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ აღნიშნა, რომ
მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მიიღწევა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობი.
„მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მიიღწევა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, რადგან მათ ყველაზე კარგად ესმით სოფლის გამოწვევები და პრიორიტეტები. ასეთი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთ ინსტრუმენტს ევროკავშირის LEADER მიდგომა წარმოადგენს“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ.
სოფლის განვითარების პრიორიტეტების შესახებ საჯარო განხილვები ტარდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით. ევროკავშირის მხარდაჭერით, საჯარო განხილვები უკვე ჩატარდა თეთრწყარსა და ყაზბეგში. სოფლის განვითარების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრები გაიმართება ასევე კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან. ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD-ი 2013 წლიდან ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.