ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს 7 ნოემბრიდან უმასპინძლებს

ელენე ახვლედიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დამთვალიერებელს 7 ნოემბრიდან უმასპინძლებს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფში შემავალი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2024 წლის დასაწყისში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო, წარმატებით დასრულდა. 

,,პროექტის ფარგლებში სრული რემონტი ჩაუტარდა სახლ-მუზეუმს და აღიჭურვა უახლესი, სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისი გათბობა-გაგრილებისა და განათების სისტემებით; მოეწყო ფონდსაცავი; განახლდა ელექტროგაყვანილობისა და წყალგაყვანილობის სისტემები.

განახლებულ სახლ-მუზეუმში განხორციელდა მუზეოგრაფიის პროექტი, რომლის მიზანი იყო სრულად აღდგენილიყო ელენე ახვლედიანის საცხოვრებლისა და სახელოსნოს პირვანდელი გარემო, განსაკუთრებით მხატვრის საცხოვრებლის ნაწილი. აღდგა მუზეუმის საგამოფენო სივრცე; ექსპოზიციაში მცირედი ცვლილებით სრულად გამოიფინა მუზეუმის გახსნის დროს საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები, როგორც ეს თავად მხატვარს ჰქონდა გამოფენილი თავის ბინა-სახელოსნოში.

შეგახსენებთ, რომ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი შემოქმედის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1976 წელს, გაიხსნა. 

განახლებული გამოფენისთვის 100-ზე მეტ გრაფიკულ ნამუშევარს გამოეცვალა ჩარჩო და პასპარტუ, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების რესტავრაცია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიის რესტავრატორებმა შეასრულეს. ფერწერული ტილოების ნაწილისთვის დამზადდა ახალი ხის ჩარჩოები და ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ჩარჩოებს; სულ განახლდა 44 ფერწერული ტილო. 

რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა ელენე ახვლედიანის კუთვნილ მე-19 საუკუნის ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრას, რომელიც უნიკალურ ექსპონატს წარმოადგენს; ასევე განახლდა ხალიჩები და ფარდაგები; რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრის ავეჯს; საგამოფენო სივრცეში სრულად დაბრუნდა მხატვრის პირადი და მემორიალური ნივთები. 

მუზეუმი კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა საღამოების გამართვას გეგმავს, რაც ამ მუზეუმის დიდ ტრადიციას წარმოადგენს და რომელსაც საფუძველი თავად ელენე ახვლედიანმა ჩაუყარა.

მხატვრის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია შპს „აბსოლუტპლუსმა“ განახორციელა; სამუშაოების ღირებულება 376 180 ლარია”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები