პესკოვი: თუ პუტინი ტრამპს გამარჯვებას არ მიულოცავს, სიტუაციის გაუარესება თითქმის შეუძლებელია, ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ მიულოცავს დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაუარესდეს, ვიდრე ახლა არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სიტუაციის გაუარესება თითქმის შეუძლებელია, ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“, – თქვა მან.

პესკოვმა საპრეზიდენტო არჩევნებს შეერთებული შტატების შიდა საქმე უწოდა და გაიხსენა, რომ ტრამპი ჯერ კიდევ უნდა დაელოდოს პოსტის ოფიციალურად დაკავებას.

„რაც შეეხება მილოცვას, მე არ ვიცი პრეზიდენტის გეგმები, მიულოცავს თუ არა ტრამპს არჩევნებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია არამეგობრულ ქვეყანაზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა პესკოვმა.

სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა ტრამპის მიმართ ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის ოპტიმისტური დამოკიდებულება რესპუბლიკელის საარჩევნო განცხადებებით ახსნა, რომელიც კონფლიქტების დასრულებას დაჰპირდა.

„დიახ, ეს განცხადება საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა გამარჯვების შემდეგ, ფაქტობრივად, ოვალურ კაბინეტში შესასვლელად ემზადებიან, ოვალურ კაბინეტში შესვლისას, ზოგჯერ განცხადებები სხვა ელფერს იძენს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ყურადღებით ვაანალიზებთ ყველაფერს, ვუყურებთ ყველაფერს და გამოვიტანთ დასკვნებს კონკრეტული სიტყვებისა და კონკრეტული ნაბიჯების საფუძველზე“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩევნებში ხმების დათვლა ოფიციალურად არ დასრულებულა, თუმცა, დონალდ ტრამპმა თავი უკვე გამარჯვებულად გამოაცხადა. ის ასევე გამარჯვებულად დაასახელა პრორესპუბლიკურმა არხმა Fox News-მა, სხვა მსხვილ ამერიკულ მედიას, მათ შორის CNN-სა და AP-ს, ჯერ არ გამოუცხადებიათ ტრამპის გამარჯვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები