ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა, ერთდღიანი განხილვების შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო, კენჭი უყარა და ხმათა სრული უმრავლესობით დაამტკიცა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დოკუმენტში წერია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება, არის ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპი. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
რეზოლუციის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას.
„ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, საქართველოს ტერიტორიებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ძალისმიერად განდევნილ ასობით ათასს იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ფუნდამენტური უფლებით, თავიანთ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება და უფლება, მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე; კვლავ აქვს ადგილი არაკანონიერ დაკავებებსა და გატაცებებს; რუსეთი, როგორც ძალა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ადგილზე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
„ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე გააუქმოს;
რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ევროპარლამენტი მთელ რიგ ქვეყნებს მოუწოდებს, უკან წაიღონ თავიანთი გადაწყვეტილება საქარველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის „აღიარების“ შესახებ.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კოორდინირებული და ქმედითი ნაბიჯები გადადგას რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, როგორც ერთადერთი საშუალება უზრუნველყოფილ იქნას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები