ანრი ოხანაშვილი: კომისიაში ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის ე.წ. საექსპერტო საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია, იყოს ობიექტური

0

საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო დროებით კომისიაში ექსპერტებად ზაზა ჭაიასა და ირაკლი ქადაგიძის ჩართვას, საეჭვოდ მიიჩნევს.
როგორც პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ზაზა ჭაია და ირაკლი ქადაგიძე, რომლებიც ექსპერტების სახით კომისიაში მოიწვიეს, იმ პოლიტიკურ პარტიებთან არიან კავშირში, რომლებიც ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს ორგანიზებას უწევდნენ.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის ე.წ. საექსპერტო საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია, იყოს ობიექტური, რასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.
„ვინაიდან დიდია ჩვენი საზოგადოების დაინტერესება საქართველოს პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი, მსურს, როგორც ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ოცნების კვოტით, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება.
როგორც ცნობილია, დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას სასამართლოდან და შსს-დან ძალიან სწრაფად გადმოეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები.
ასეთი ოპერატიულობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს კომისიასთან და ამით ხელი შეუწყოს ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის მოსალოდნელი იყო რისკები, რაც ამ კომისიის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას უკავშირდებოდა, ქართული ოცნების გუნდმა გამოვიჩინეთ დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე და საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა ვანდეთ ოპოზიციას, რათა ამ საქმის შესწავლა მომხადრიყო მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად შეძლებდა კომისიაში უმრავლესობის სახით წარმოდგენილი ოპოზიცია ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური და პროცესის ობიექტურად და სამართლიანად წარმმართველი. ასეთი შეკითხვები, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლეგიტიმურია. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მისცეს საქმეს ობიექტური და სამართლიანი შეფასება.
ამის მიუხედავად, მეც და ჩემს კოლეგებსაც ქართული ოცნებიდან, გვიჩნდება კრიტიკული კითხვები ევროპული საქართველოს მისამართით, მათ ობიექტურ და სამართლიან შეფასებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, ევროპული საქართველოს მიერ კომისიაში ექსპერტების სახით მოწვეული ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.
ამასთანავე, იკვეთება ექსპერტების სახით მოწვეული ამ პირების კავშირები იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე ორგანიზებას უწევდნენ აქციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური და რევანშისტული მიზნებისთვის.
აქედან გამომდინარე, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის ე.წ. საექსპერტო საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია, იყოს ობიექტური, რასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება. ეს ყოველივე კი კომისიის ობიექტური საქმიანობის დისკრედიტაციას მოახდენს, რაც ჩვენთვის ყველასთვის საზიანო იქნება“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი