შსს-ში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის გამოკითხვა დასრულდა. ზაზა სარალიძე შსს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სარალიძე დღეს პირველად გამოიკითხა. სარალიძის თქმით, მისი გამოკითხვა 15 ივნისს გაგრძელდება.

დღესვე, შსს-ში განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 51-ე სკოლის მოსწავლე, რომელიც ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს იყო. მოზარდმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, ერთხელ უკვე უპასუხა სამართალდამცველების კითხვებს.

მოზარდის ადვოკატი არ აკონკრეტებს ხელახალი გამოკითხვის მიზეზებს და არ პასუხობს შეკითხვაზე გამოიკვეთა თუ არა საქმეში ახალი დეტალები.

მას შემდეგ, რაც ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-ს გადაეცა, ინტენსიურად იკითხებიან მკვლელობის თვითმხილველები. ბრალი წარუდგინეს დამატებით ორ ადამიანს – მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზეწოლის გამო და მირზა სუბელიანს – შეუტყობინებლობის გამო.

მანამდე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც 31 მაისს საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოაცხადა, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, მისი მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შეიქმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები