„ჩვენ მუდმივად ვაფრთხილებდით მერიას, გარემოს დაცვას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ ვერე უარესს იზამდა და (მთავარი) ვითხოვდით მდინარეზე დონის ფიქსატორების დადგმას ღვარცოფის მოვარდნის დროს დროულად განგაშისათვის. ანუ თუკი მდინარე ადიდდებოდა, ეს სკანერები ავტომატურად ჩართავდნენ განგაშს და ადამიანებს ექნებოდათ ზუსტად ის ოქროს 40 წუთი, რომ გაეღწიათ ხიფათის ზონიდან. არც კი მოგვისმინა არავინ“, – 13 ივნისის წყალდიდობასთან დაკავშირებით არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და დასძენს, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ის, თუ ვისი გულგრილობის გამო შეხვდა თბილისი მოუმზადებელი იმ საშინელ ღამეს მოვარდნილ წყალს, რასაც ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.
ამ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს 13 ივნისია, იმ საშინელი დღის 3 წლისთავი. ჩვენი სახლი იდგა ვერეს პირას, ზაფხულობით სულ იქ ვიყავით ხოლმე… იმ დღეს ჩვენ შემთხვევით გადავრჩით, იმიტომ რომ 13 ივნისს ჩემი ნინიკოს დაბადების დღეა და რომ არა წოდორეთში ჩვენი ახალი სახლი, ჩვენ აუცილებლად ჩავიდოდით ხეობაში საქეიფოდ. და ალბათ ვეღარც ამოვიდოდით.
ჩვენი სახლი ერთ-ერთი პირველი წაიღო წყალმა და ისე დაანგრია, რომ ძლივს ვიცანი მეორე დღეს ის ადგილი, მთლიანად ლანდშაფტი ისეა შეცვლილი.
ჩვენი სახლის გვერდით იყო მამა გიორგი ჯიბუტის სახლი, სადაც მისი ულამაზესი შვილი ივლიტა (ფოტოზე მარჯვენა კუთხეში) და მისი ვაჟკაცი ქმარი დათო ცხოვრობდნენ… ხან დენი გადაგყავდა ერთად, ხან მწვადს ვწვავდით ხეობაში, ამ წყვილის ყურებას არაფერი სჯობდა, ისე უყვარდათ ერთმანეთი…
ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოვახერხე ჩვენს ნასახლარზე გადასვლა, საშინელი განცდა იყო…. ცოტა ღრმადაც გავიარე და დავინახე ივლიტას სახლის ნასახლარზე დათოს ტენტი გაუკეთებია და იმ ტენტის ქვეშ ჯვარი ჩაურჭვია და ნივთები დაულაგებია, რაც ივლიტას შემდეგ გადარჩა მათ სახლში… ახლაც მზარავს, რომ ვიხსენებ იმ კადრს, არადა ბავშვი არა ვარ დიდი ხანია….
სულ გაუფასურდა ჩვენი პრობლემა იმასთან შედარებით, რასაც ვუყურებდი… შემდეგ პანაშვიდზე ვნახე დათო და მომიყვა: წყალმა ნელ-ნელა დაიწყო მოსვლა, დაახლოებით 30-40 წუთი იმატებდა დონე… ბავშვები მეცადინეობდნენ და თავიდან სასაცილოდ არ ეყოთ წყალი… შემდეგ, როდესაც უკვე ძალიან მოიმატა, სახლის სხვენზე ასულან და აი კი მოვარდნილა მთავარი ნაკადი… ხელიდან გამოგლიჯა წყალმა დათოს მისი ორსული ცოლი, ვერ დაიჭირა… ამქვეყნად აღარაა ის ბიჭი მას შემდეგ…. სამსახურს ეძებდა მას მერე… ნარმანიას მივწერე ამ ბიჭის ისტორია და ვთხოვე სამსახური ეშოვნა მისთვის, არც კი განძრეულა…
ახლა კი მთავარი, რის გამოც მოვყევი ეს ტრაგიკული ამბავი: როგორც უშუალო მონაწილე „პრედისტორიის“ და ისტორიის ამ ტრაგედიის, მე ვადანაშაულებ მერიის და გარემოს დაცვის სამინისტროს მაშინდელ ჩინოვნიკებს იმაში, რომ ადამიანების სიკვდილი გამოწვია მათმა გულგრილობამ. ვიღაც იფიქრებს, მდინარეს ხომ ვერ გააჩერებდნენო…. არა, ბატონო. საქმე იმაშია, რომ 13 ივნისამდე ვერე ადიდდა სამჯერ და გადაუარა იქაურობას, გაანადგურა ჩვენი ეზო, ჩვენი უსაყვარლესი მეზობლის, აკადემიკოს თამაზ ლეჟავას სიცოცხლე შეეწირა მაშინ ამ ღვარცოფს, რომელსაც მისივე ბაღში გული გაუსკდა ამის გამო… მაშინ მდინარემ დახოცა ცხოველები თამაზ ელიზბარაშვილის მეურნეობაში, ხეობიდან მოტანილმა ტოტებმა ჩახერგა ხიდი ჩვენი სახლის წინ….
ეს მოხდა სამჯერ. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვაფრთხილებდით მერიას, გარემოს დაცვას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ ვერე უარესს იზამდა და (მთავარი) ვითხოვდით მდინარეზე დონის ფიქსატორების დადგმას ღვარცოფის მოვარდნის დროს დროულად განგაშისათვის. ანუ თუკი მდინარე ადიდდებოდა, ეს სკანერები ავტომატურად ჩართავდნენ განგაშს და ადამიანებს ექნებოდათ ზუსტად ის ოქროს 40 წუთი, რომ გაეღწიათ ხიფათის ზონიდან. არც კი მოგვისმინა არავინ. სამაგიეროდ, ტრაგედიიდან მესამე დღეს შეშინებულმა მინისტრმა აგულაშვილმა სასწრაფოდ იყიდა და დაამონტაჟა ეს სკანერები მდინარის პირას, თუმცა უკვე მოსახდენი მომხდარი იყო, ახლა სკანერზე მეტად ადამიანებს მათი ახლობლების სხეულების პოვნა სჭირდებოდათ….
სალარიძის შვილის ტრაგედია აუცილებლად უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ, ასევე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ის, თუ რომელი ნაძირალის გულგრილობის გამო შეხვდა თბილისი მოუმზადებელი იმ საშინელ ღამეს მოვარდნილ წყალს, რასაც ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.
ყველა სტრუქტურამ იცოდა ვერეს საშიშროების შესახებ, მაგრამ არავინ არ მიიღო ზომები, რომ ქალაქი მომზადებული მაინც დახვედროდა სტიქიას.
ჩვენ შემთხვევით გადავრჩით.
ჩვენი მეგობრები ვერ გადარჩნენ.
ჩვენ გვახსოვს 13 ივნისი.
P.s. ერთმა კაცმა მითხრა, მაგაზე ხმაურის ატეხვას აზრი არ აქვს, მთავრობა თავისიანის ტყავს არ დახევსო…
თქვენ როგორ ფიქრობთ“? – წერს ფეისბუქზე ირაკლი ჟვანია.