ალექსანდრე ბარამიძე დეპუტატებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გააცნობს

საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა იწყება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე წარუდგენს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით ცვლილებათა პაკეტის არსი საპროცესო ინსტიტუტის გარდაქმნაა, რომლის შედეგადაც აღნიშნული ინსტიტუტი საქართველოში მანკიერი მხარეებისაგან გათავისუფლდება და მოქნილ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება, რომელიც სწრაფ და სამართლიან მართლმსაჯულებას უზრუნველყოფს, შეთანხმების გაფორმების პროცესი კი გამჭვირვალე გახდება.
შეთანხმების დადების პროცესში პროკურორი ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგობა და ბრალეულობის ხარისხი, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაა განსაზღვრული, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ბრალეულის საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა.
კანონპროექტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების ოქმის შედგენის ვალდებულების შემოღება. ის უნდა ასახავდეს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესს და ხელმისაწვდომი იყოს დაცვის მხარისათვის. აუცილებელი ხდება დოკუმენტის დართვა სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგი, მათ შორის, ის გარემოება, რომ შეთანხმების გაფორმება იწვევს პირის ნასამართლობას. ახლებურად რეგულირდება დაზარალებული მხარის უფლებებიც. მოქმედი კანონმდებლობა საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორის მხოლოდ დაზარალებულთან კონსულტაციას და მის ინფორმირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პროკურორმა დაზარალებულის ინტერესები არ გაითვალისწინა ან ზიანის შეუსაბამო სასჯელი მოითხოვა, დაზარალებულს მისი გასაჩივრების უფლება არ აქვს. კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულ მხარეს საშუალება ეძლევა, დაესწროს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობის განხილვას და გამოთქვას მოსაზრება მისი კანონიერებისა და სამართლიანობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს, თუ მას არ შეუძლია ან არ სურს პროცესზე დასწრება, შეეძლება, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საკუთარი მოსაზრებები მოსამართლეს წერილობით წარუდგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები