ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის, საჩივრების სიმცირით, საქართველო მე-12 ადგილზეა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ, 2017 ანგარიში მოისმინა. ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარადგინა.

მომხსენებლის თანახმად, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულობას ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია. ასევე ის, რომ შემცირდა იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს – 367, ხოლო 2017 წელს კი – 89. ამ მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით, საქართველო მე-12 ადგილზეა.

მოხსენებისას აღინიშნა ისიც,  რომ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებიდან უფრო მეტი მათგანი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ამ მონაცემის მიხედვითაც, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ 2017 წელს საქართველოს წინააღმდეგ 9 საქმეზე დაადგინა დარღვევა, საიდანაც 8 ეხება წინა ხელისუფლების დროს მომხდარ სამართალდარღვევებს. რაც შეეხება 2017 წელს გამოტანილ განჩინებებს, ამ წლის განმავლობაში მთავრობამ 7 საქმეში აღიარა კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევა, რომლებიც ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დარღვევებს შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის პროგრესს და უკეთეს მაჩვენებლებს დასავლეთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი.

„ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან განაპირობებს სწორედ საქმეთა ამგვარ სიმცირეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. თუმცა, ჩვენი პოლიტიკის მიზანია, კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ ეს სტანდარტი და დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში”,-განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები