“აქციაზე თუ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები გამოჩნდებოდნენ, ნაკლები ადამიანი მივიდოდა”

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რუსთველის გამზირზე გუშინდელ აქციას ჩაფლავებული უწოდა, დღეს მიმდინარე მოვლენები კი, გუშინდელი დღის გამოძახილად შეაფასა.
„გუშინდელი დღე იყო ჩავარდნა პოლიტიკური გაერთიანების. ეს გასაგები იყო, რომ თუ ამ პროცესში ჩაერთვებოდნენ პოლიტიკური პარტიები და მე ამის შესახებ საჯაროდ ვთქვი, რომ ეს ამ პროცესის დისკრედიტაციას მოახდენდა და იქ ნაკლები ადამიანი გავიდოდა. ის, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდება, არის გუშინდელი დღის გამოძახილი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.
ჯაფარიძე თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ.
„გასაგებია, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ჰყავს თავისი აქტივი და ეს იდეაში, ალბათ, არის ორი-სამი პარტია, მეტი არც არის და ამ პარტიების მხარდამჭერებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ, შესაბამისად, იქ თუ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები გამოჩნდებოდნენ, მივიდოდა ნაკლები ადამიანი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ დიანა ტრაპაიძის გადაცემა „დღის ამბებში“.
„გუშინდელი ჩაფლავებული აქციის გამოძახილი არის ის, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათ ნებისმიერი რამ შეიძლება გაუვიდეთ, მათ შორის ის, რომ გადაწყვიტეს, აქციის ჩატარების უფლება აღარ მიეცათ. გადაწყვიტეს, რომ ბარემ დაამთავრონ ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, ეს არის შეცდომა. ისინი ამ პროტესტს ასე ვერ დაამთავრებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა გუშინ. ეს პროტესტი არსებობს ადამიანებში და ეს არის გამოწვეული იმით, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს, ყველამ იცის, რომ ვერ პოულობს სამართალს, – ეს პროტესტი არსად გაქრება“,- განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები