მერკელი ტრამპის მიერ კომუნიკეზე უარის თქმას რადიკალურ ნაბიჯად აფასებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტმა კვებეკში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, ერთობლივ კომუნიკეს ხელი არ მოეწერა.
მერკელმა ადგილობრივ ტელეარხ ARD-ს მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება “სამწუხარო” და “ცოტა გულდასაწყვეტია“. მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრულს არ ნიშნავს. თუმცა, მისი თქმით, ახლა ევროკავშირის ქვეყნები აშშ-ს არ ენდობიან.
მერკელი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი ბევრ საკითხზე G-7-ის პრინციპებსა და ღირებულებებს კვლავ იზიარებს – “მაგრამ ამ კომუნიკეზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, უკვე რადიკალური ნაბიჯია”.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების მიუხედავად, გერმანია მიიჩნევს, რომ G7-ის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს. მერკელმა, ასევე, კვლავ ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის ლიდერის იდეა, რომ რუსეთი G7- ის სამიტზე კვლავ მოიწვიოს.
„ტრამპის არგუმენტებში დარწმუნებული არ ვარ”, – განაცხადა კანცლერმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსკოვი ამ ფორმატში დაბრუნებას მაშინ შეძლებს, თუ მინსკის შეთანხმებებს პატივს სცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები