არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არქივის საცავის კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა
8 ივნისს, 11:00 საათიდან, არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში წელს უკვე მეორედ განხორციელდება პროექტი „არქივის ღია კარი“.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
8 ივნისს დოკუმენტების საცავებისა და მასში დაცული დოკუმენტების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისათვის 7 ივნისს უნდა გაევლო რეგისტრაცია.
ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ. რაც შეეხება მკვლევარებს, არქივში დაცული მასალების დედნებისა და ელექტრონული ასლების გაცნობა ცენტრალური და რეგიონული არქივების მკვლევართა დარბაზებში შეუძლიათ. „არქივის ღია კარი“ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აძლევს საშუალებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოხვდეს არქივის უნიკალური დოკუმენტების საცავებში.
„არქივის ღია კარისათვის“ მომზადებულია სპეციალური ტური, რომელიც მოიცავს წერილობითი დოკუმენტებისა და ფოტოების საარქივო საცავების, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახების, საგამოფენო პავილიონის დათვალიერებას.
არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.