80 თურქი ჟურნალისტი აფხაზეთში ჩავიდა – საგარეო უწყებაში შესაძლოა თურქეთის ელჩი დაიბარონ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლოა თურქეთის ელჩი დაიბარონ. ამის მიზეზი კი ოკუპირებულ აფხაზეთში 80 თურქი ჟურნალისტის ვიზიტია.
აფხაზეთში ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით, დე ფაქტო სოხუმის მთავრობის მიწვევით, რეგიონში სხვადასხვა თურქული გაზეთისა და გამოცემის ჟურნალისტი უკვე მეოთხე დღეა იმყოფება. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, თურქული მხარისთვის პროტესტის და საკუთარი წუხილის დასაფიქსირებლად უწყება ყველა დიპლომატიურ საშუალებას გამოიყენებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილსა და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ მცდელობების მიუხედავად თურქი ჟურნალისტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინც ჩავიდნენ და აფხაზეთში ჟურნალისტთა ფედერაციის შეკრებაც გამართეს.
ამასთნ, გუშინ სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთისა და თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. მემორანდუმი თურქეთში ოკუპირებული რეგიონის მედიის წარმომადგენელთა სტაჟირებასა და სწავლას ითვალისწინებს. თავად ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ანკარაში საქართველოს საკონსულომ თურქეთში მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს წერილებიც გაუგზავნა თხოვნით, არ წვეოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთს, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიტი მაინც შედგა. ინფორმაციას ადასტურებენ თურქული გამოცემებიც, სადაც ჟურნალისტთა ვიზიტის ამსახველი ფოტოებიც არის გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები