დიმიტრი ქუმსიშვილი: წლის ბოლომდე ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება

„რამდენიმე წლის მანძილზე პირველად გვესტუმრა სერტიფიცირებული სავაჭრო მისია გაერთიანებული სამეფოდან. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი სავაჭრო საკითხებში ბატონი მარკ პრიტჩარდი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს ეს შეხვედრა შედგა”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნული მისიის შემადგენლობაში წამყვანი ბრიტანული ბიზნესსექტორების წარმომადგენლები შედიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის  ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე რეფორმებისა და შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გარდა ამისა, ბრიტანელმა სტუმრებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ასეთი სერტიფიცირებული სავაჭრო მისიები, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ისევე როგორც ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, წლის ბოლომდე ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება, რომ მომზადდეს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რადგან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის წყვეტა არ მოხდეს.

გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის ვიზიტის მიზანია ბრიტანელ და ქართველ ბიზნესებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის პროფესიული და ფინანსური სერვისები, განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ბიზნეს დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები