დავით ზურაბიშვილი: ვაკის პარკში გამართეს სრულიად სამარცხვინო შაბაში

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი – დავით ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. შესაბამის პოსტს ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„რა უბედურება აღარ მინახავს „ნაცმოძრაობის“ დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, გადაცმული ზონდერების მოქსევა, ჟურნალისტების მოგზავნა მაკომპრომეტირებელი სიუჟეტის გაკეთების მიზნით, აქციის მონაწილის სახლთან “დაპადიეზდება” და ცემა, ნარკოტიკის და იარაღის ჩადება, წყლიანი პარკების სროლა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აივნიდან და “კისტის” თოფით თვალის ამოთხრაც კი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიარო, რომ იმ ხელისუფლებას არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რასაც ჰქვია “კონტრაქცია”. კონტრაქცია, ანუ არასასურველი აქციის წინააღმდეგ ხალხის რისხვის იმიტაცია ნამდვილად ამ ხელისუფლების ნოუ-ჰაუა, მაგრამ აქ რეჟისორებიც და მსახიობებიც იმდენად უნიჭოები არიან, რომ რისხვის იმიტაციას ძალიან უხარისხოდ ასრულებენ. ახლაც, რაც სარალიძის საქმეზე აქციები დაიწყო, ჯერ მელორ ვაჩნაძე და მისთანანი შემოუშვეს მიტინგზე, ვითომდა სოლიდარობის ამბავში, მერე ქართული მარში მოყარეს ფილარმონიასთან, მერე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი დააყენეს თავისუფლების მოედანზე შუაღამისას, ახლა კიდევ ვაკის პარკში გამართეს სრულიად სამარცხვინო შაბაში. რომელი ნორმალური ადამიანი შეიძლება ამაზე წამოეგოს?
რას ჰგავს ხელისუფლება რომელიც ასეთ უნიჭო პროვოკაციებზე მიდის? რა ხალხს ეყრდნობით? ვინ გამოგყავთ? საით მიერეკებით? ისე, სულ მაინტერესებს შემდეგ რა იქნება: მეცნიერებათა აკადემიის შეკრება, კულტურის და ხელოვნების მუშაკთა კოლექტიური წერილი თუ ერეკლე მეორის საზოგადოების მიმართვა? ის დედისერთა ფაშისტიც არ დამივიწყოთ“, -წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართა. ამ წუთებში კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები