ზემო აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში – ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა, – ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ასევე ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან მოწამვლას ცივი შესხურებით.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები