აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

2 აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდან შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

,,2 აგვისტოდან, ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.

2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი საჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123% მატება დაფიქსირდა.

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2024 წელს 112 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. INDIGO ამ ეტაპზე, 400-მდე ავიახომალდს ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები