„მაინც დადგინდება სიმართლე და გაქვთ დრო, თქვენით მიხვიდეთ აღიარებითი ჩვენებებით“

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში – ამირან სალუქვაძე ბოლო პერიოდში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. როგორც სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, სოლიდარობის აქციის არსებული სცენარით წაყვანით, ზიანი მიადგა თვითონ თემას.
„მივეჩვიოთ ორ რამეს: 1. არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრებას; 2. აქტიურობას და ხელისუფლებების მოფხიზლებას, ცალკეული პრობლემების გამოსასწორებლად. ხელისუფლება მუდმივად ტონუსში უნდა გვყავდეს. ასეთები რომ ვყოფილიყავით, წინა ხელისუფლება კიდევ დიდხანს იქნებოდა. ახლაც ვერ ვსწავლობთ ჭკუას. მივუშვებთ პროცესებს, დავაგროვებთ მუხტს და შემდეგ უკიდურესი მოთხოვნებით გამოვდივართ. ეს გაიგო ხალხმა, ვერ გაიგეს პოლიტიკოსებმა. ამ სოლიდარობის აქციის ასეთი სცენარით წაყვანით, ზიანი მიადგა თვითონ თემას. ყველა ხვდებოდა, რომ შოთაძის გადაყენებას მოჰყვებოდა შემდეგი მოთხოვნები. ჩვენთან ხომ ყოველთვის ასე ხდება?! აღარაფერს ვამბობ აქციების წარმართვაზე. ამდენი აგრესია, ეს თეატრალიზებული გამოსვლები, ზოგიერთი დარეტიანებულის, მ.შ. თავს პოლიტიკოსს რომ უწოდებენ, მიკროფონთან მიშვება მხოლოდ აქციის საზიანო გამოდგა.
გადახედეთ სოციალურ ქსელს, რეაქციებს, კომენტარებს. რა ფოტოშოპი და მონტაჟები, აგერაა ონლაინ რეპორტაჟები. არ ჩამოვთვლი. მოკლედ, გააუბრალოვეთ ყველაფერი, რაც სამწუხაროა. ასევე მიუღებელი იყო, რაც მოხდა პრემიერ-მინისტრთან ან დადუნაშვილთან მიმართებაში. თუ ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლებაზე, ყველას აქვს ეს უფლება და მათთვისაც, მ.შ. პრემიერისთვისაც, ნორმალურად უნდა მოგესმინათ. მოუსმენდით და წავიდოდა. ან მიიღებდით შემოთავაზებას, ან – არა. რაც მოხდა, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსაც არ მოეწონათ.
ან რა განცხადებები კეთდება აქციაზე და რატომ არ გვაქვს ამაზე რეაქცია. რამდენჯერმე მაქვს ღიად (ტელევიზიით, სოცქსელით) დაფიქსირებული მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი სამძიმარიც და თანადგომაც, მაგრამ ბაშვების, ახალგაზრდების წინ იმის დაფიქსირება, რომ ჯგუფურად ფიცი დადეს, რომ თავი აეფეთქებინათ სუს-ში, ხომ ნიშნავს ტერაქტის დაგეგმვას? აბა თქვით ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, რომელთა სტანდარტებს ასე ვიზიარებთ?! გასაგებია, რომ ის ემოციების ფონზე საუბრობს, თავის სიმართლეს ეძებს, მაგრამ თქვენ ხომ უდგახართ გვერდით? თქვენ ხომ უნდა უთხრათ, რას ნიშნავს ეს განცხადება, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ ფიქრები ან ჰიპოტეტური იყო? თქვენ ხომ უნდა დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია?
იგივე ეხება მუქარებს, რომ ახალგაზრდები სისხლისღვრას გეგმავენ. ჯერ იყო ძალადობა სკოლაში, შემდეგ მოხდა საზარელი, ჯგუფური მკვლელობა, ახალგაზრდების ჩეხვა. ამას მოჰყვა არასამართლიანი გამოძიება, ფაქტების მიჩქმალვა, ნივთმტკიცებების დაზიანება/განადგურება, გაუგებარი ექსპერტიზები, ყველაფრის ყირაზე დაყენება და შედეგად, უსამართლო განაჩენი. ახლა რა გვსურს და რას ვახალისებთ, შურისძიებებს? და ეს იქნება სამართალი? სხვათა შორის, განაჩენიც შესასწავლია იურისტების მხრიდან. ის რომ ზემოთ აღწერილი დანაშაულები მოხდა, ფაქტია, მაგრამ შესაძლოა, ამ განაჩენის მიმართაც გაჩნდეს კითხვები“, – წერს სალუქვაძე.
მისი შეფასებით, საჭიროა, სკოლებში არსებული ვითარების შესაბამისი ანალიზი სათანადო ორგანოების მხრიდან.
„ჩვენ თუ გვსურს მსგავსი აღარ განმეორდეს, მხოლოდ ხელისუფლებას და გამოძიებას რომ ვერჩით (თუმცა, მეც ვერჩი), იმუშავა ვინმემ იმ გარემოებებზე, თუ რა მოხდა იმ სკოლაში ან რა ხდება სკოლებში? არა. ავტეხეთ ასევე გაპოლიტიზირებული ხმაური მანდატურებთან დაკავშირებით, მოვიხადეთ ვალი, რომ საჭიროა ფსიქოლოგთა ინსტიტუტი და ა.შ. პრობლემის შესწავლის ანალიზი არ მინახავს არც განათლების სამინისტროს (ეს ცალკე პრობლემაა უკვე მეოთხედი საუკუნეა), არც მესამე სექტორის მხრიდან. ამიტომ ვერ ვუდებდი გულს მთელი ეს დღეები ამ თემას, რადგან ყველაფერი პოლიტიზირებულია, ყველაფერში ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს და სარგებელს ვხედავთ. ამიტომ ვერიდები პოლიტიკას. ახლა მოვუწოდებთ პარტიებს მოიყვანონ ხალხი და დავამხოთ მთავრობა?
ჯერ ერთი, იდეაში, ყველაზე უვარგისი მთავრობის დამხობაც კი არ მინდა და ავხსენი რატომ. მეორე, არაკონსტიტუციურია ეს მოწოდებები და რამდენი ადამიანიც არ უნდა მოვიდეს, ვერ დაამხობთ. თუ სამოქალაქო ომს აპირებს ვინმე, ვიცი რაც მოუტანა უკრაინას. როცა ამის შესახებ ვწერდი, ძალიან ბევრს არ მოსწონდა. სანამ მიშამ არ თქვა, ინგრევა უკრაინაო, არ დაიჯერეთ. ჰოდა, არც საქართველოში მინდა იარაღის გასროლა. ეს უკან დაგვწევს მინიმუმ 20-25 წლით. ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით. ამავე დროს, შესაძლოა, ისე დავეცეთ, როცა ვიცით, რომ ოკუპანტი აგერ, ახლოში დგას, რომ ვეღარც ავდგეთ. გვიღირს იმისათვის, რომ ერთი ძალის ნაცვლად, მეორე მოვიდეს? მესამე – ვერ მოიყვანთ იმდენ ხალხს, რომ იმაზე მეტი გავლენა მოახდინოთ, რაც უკვე გამოიწვია აქციის პირველმა დღემ და ამით მხოლოდ ზიანს მიაყენებთ იმ საქმეს, რომელსაც ველოდებით მთელი საზოგადოება (ქვემოთ დავწერ, რასაც ველოდები პირადად). მეოთხე – აქციის შესუსტება არ ნიშნავს, რომ გამოძიება მთელი სიმკაცრით არ უნდა ჩატარდეს და არ მივიღოთ სამართლიანი შედეგი. აქვე მინდა აღვნიშნო იმ მახინჯური რეფორმების შესახებ, რაც წლების მანძილზე განხორციელდა. ჩვენ ფაქტობრივად, აღარ გაგვაჩნია საგამოძიებო სტრუქტურები. მოხდა ფუნქციების აღრევა, უბნის ინსპექტორებსაც კი გამოძიება ევალებოდათ. აირია ოპერთანამშრომლის და გამომძიებლის ფუნქციები. იგივეა პროკურატურაშიც. დაიწყო შსს-ს მინისტრმა ეს რეფორმა, ვწერდი ორი თვის წინ. არ ვიცი, აგრძელებენ თუ არა. ამ რეფორმის გაჩერება არ შეიძლება და სასწრაფოდაა მისაყვანი ბოლომდე. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ გავამართლო ის, რაც მოხდა. არა. ერთი რამეა ცხადზე ცხადი: სწორი სისტემის შემთხვევაში, გამოძიების გაყალბება არის ძალიან ძნელი. შესაძლებელია, მაგრამ არა ისე მარტივად, როგორც ახლა მოხდა. აქვე დავსძენ, რამდენადაც მეუბნებიან, შსს-ში გაუქმებულია არასრულწლოვანთა სამსახური, რაც ასევე პრობლემაა. არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები ყველაზე რთულად გამოსაძიებლად ითვლება. ჩვენ კი გამოძიების ვადები შევამცირეთ და 40 დღემდე დავიყვანეთ. ასევე, როგორც ამიხსნეს, მოსამართლეს პროცესზე გამოკითხვის უფლება არ აქვს და მხოლოდ მხარეთა გამოსვლებს და წარდგენილ ნივთმტკიცებებს ეყრდნობა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ არ მიმაჩნია ლოგიკურად. მოკლედ, ეს სფეროები დასახვეწია. ახლა, რას ველოდები გამოძიებისგან. რა თქმა უნდა, ისეთ შედეგს, რომელიც დააკმაყოფილებს გარდაცვლილთა ოჯახებს და პირველ რიგში, ზაზა სარალიძეს არ დარჩება კითხვები, რამაც სამართლიანი განაჩენი უნდა მოიტანოს. ველოდები ყველა იმ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ვინც ჩხუბში მონაწილეობდა. ეს კონკრეტული დანაშაულია. არ აქვს მნიშვნელობა, როცა ასეთი მძიმე შედეგები დადგა, ხელში დანა ეჭირა, ქვა თუ არაფერი. ველოდები ყველა იმ პირის დადგენას, ვინც ზეგავლენა მოახდინა გამოძიებასა და მის შედეგებზე. რაც შეეხება პირს, რომელსაც თითქოს რაღაც კადრები გააჩნია. ვანოს გამოყვანის კი არა, კენედის მკვლელობის ვიდეოც რომ ჰქონდეს, თუ მან ის ჩაიდინა, რა ეჭვებიც არსებობს, პასუხი უნდა აგოს. იგივე ეხება მღვდელმსახურს, თუ მისი შვილიც გარეულია ამ საქმეში და დუმს. ბოლოს კი მივმართავ ყველას, ბავშვებს, რომლებიც არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ მშობლებს, რომლებმაც იციან ეს ყველაფერი: როგორ გძინავთ და როგორ უყურებთ, რაც ხდება მთელი ამ თვეების და განსაკუთრებით ამ სამი დღის განმავლობაში. მაინც დადგინდება სიმართლე და გაქვთ დრო, თქვენით მიხვიდეთ აღიარებითი ჩვენებებით. ამით კანონით გათვალისწინებულ სასჯელსაც შეიმსუბუქებთ და საზოგადოების მხრიდანაც მეტ თანადგომას თუ გაგებას მიიღებთ. ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით დავწერე და გადაკითხვაც კი არ მინდა, რომ რაიმე არ შევცვალო, არც შემსუბუქების, არც გამკაცრების მხრივ. რამდენჯერმე, მათ შორის განაჩენის გამოცხადებისთანავე, დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება და პოზიცია, შეგიძლიათ იხილოთ ჩემს გვერდზე და ახლაც ვიმეორებ: თანავუგრძნობ, სრულ თანადგომას ვუცხადებ ზაზა სარალიძეს, ორთავე დაღუპული ბავშვის ახლობლებს. სამართალი უნდა დადგეს. სადაც ნახევარი წელი ველოდეთ, ცოტაც დაველოდოთ, ვადროვოთ გამოძიებას. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე დასაწერია სტატუსი ამ თემაზე. თუ რაიმეში ვცდები, მზად ვარ დისკუსიისთვის“, -წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები