ირაკლი კობახიძე: ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აღინიშნება და ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს, საქართველოს უფრო დიდი იმედი აქვს, ვიდრე ოდესმე, რომ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და გამთლიანებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება.
„ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს უფრო დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის წარმატებით დაგვირგვინდება. გვჯერა, რომ საქართველო დაიბრუნებს წარსულის დიდებას და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეული წევრი. დიდი ქართველი მოაზროვნეების: შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა კეთილშობილურ იდეებზე მრავალი თაობა გაიზარდა საქართველოში. მათი მემკვიდრეობის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისუფლების წყურვილი, ადამიანის მიმართ პატივისცემა, ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობის კულტურა. სწორედ ამ იდეებისა და ტრადიციების ერთგულებამ განაპირობა, რომ თანამედროვე საქართველომ აირჩია ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება და თანამშრომლობა – ანუ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დგას დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო რამდენიმე წელიწადში, დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცების კვალდაკვალ, დღეს შეგვიძლია, ცხადად დავინახოთ განსხვავება მომავლის ორ გზას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერის არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება.
„ერთს მივყავართ თავისუფლებისაკენ, დასავლეთისაკენ, ხოლო მეორე ტოტალიტარულ წარსულში გვაბრუნებს. ყველა ხალხს აქვს უნარი, აირჩიოს პირველი გზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მეორე არჩევანი გაიმარჯვებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ბრძოლა თავისუფლებისა და დასავლური ღირებულებებისთვის შეუქცევადი გახდეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როგორც გარე საფრთხეებისგან, ასევე, ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციის ყოველგვარი თეორიული შესაძლებლობისგან. ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა, დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს, შექმნას ძლიერი სახელმწიფო და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად ყალიბდება, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
„ჩვენ შევძელით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმა გაგვეტარებინა და დარწმუნებული ვარ, რომ ვარ ქართული სახელმწიფო, ამ ფუნდამენტზე დაყრდნობით, განამტკიცებს თავის ერთგულებას დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისადმი, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის საუკეთესო საფუძველი გახდება”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები