პუტინი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, როგორ შეაფასოს რეფერენდუმი

უკრაინაში რუსეთის ლიდერი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სტატუსის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს ელოდება. მხოლოდ მათი შეჯამების შემდეგ ჩამოუყალიბდება მას საკუთარი აზრი, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს და დასძენს, რომ ძალიან ძნელია, იწინასწარმეტყველო, როგორი იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
,,კომერსანტის“ კორესპონდენტის კითხვაზე, მოახდენს თუ არა პუტინის პოზიციაზე გავლენას ის, რომ მან თავად სთხოვა ფედერალიზაციის მომხრეებს რეფერენდუმის ვადის გადაწევა, – პესკოვმა განაცხადა, რომ საუბარი არა თხოვნას, არამედ რეკომენდაციას შეეხებოდა. ამავე დროს, მან დასავლეთი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
,,რატომ არ აღკვეთა დასავლეთმა ჯავშანტრანსპორტიორების გამოყენება სლავიანსკსა და კრამატორსკში, რათა თავიდან აეცილებინათ მშვიდობიანი ხალხის დახვრეტა? მათ არ გამოიყენეს თავისი გავლენა. მათ – არაფერი, რუსეთი კი ყველაფერში დამნაშავეა“,- აცხადებს პესკოვი.
რაც შეეხება ახალ სანქციებს, მათ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იეზუიტური უწოდა.
,,მათთვის სულ ერთია, თუ როგორ სრულდება მოლაპარაკებები, მიმდინარეობს თუ არა დიალოგი, შეწყდა თუ არა სროლები. მათთვის მთავარი არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო გადატრიალების საქმის იურიდიულად დახურვაა“,- აცხადებს პესკოვი.
შაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კვლავ მოუწოდებდა ევროკავშირის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მისაღებად, თუკი უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში, მან თქვა, სიტუაცია უკრაინაში კიდევ უფრო დაიძაბება. უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტები აცხადებენ, რომ ,,რეფერენდუმის მიმდინარეობისას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ხმა დონეცკის ოლქში ამომრჩეველთა 90%-მა მისცა. ასე რომ, რეფერენდუმის შემდეგ დონეცკის ოლქი უკრაინის შემადგენლობაში დარჩება.
დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ხმის მიცემის პროცესი მოსკოვშიც გაიმართა. თვითგამოცხადებული ,,ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ შესახებ გამოკითხვის შედეგების საბოლოო შედეგის გახმაურებას სეპარატისტთა ლიდერები 12 მაისს მიტინგზე გეგმავენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია. არც დასავლეთის ქვეყნებს, არც უკრაინის ხელისუფლებას არ უღიარებია ის, რასაც სეპარატისტებმა რეფერენდუმი უწოდეს. ,,ე.წ. რეფერენდუმი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში არალეგიტიმურია და ჩვენ ვერ ვაღიარებთ მის შედეგებს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი საბჭოს პრესმდივანმა კეტრინ ეშტონმა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ჩატარებულ ,,რეფერენდუმს’’ იურიდიული მნიშვნელობა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები