ზესტაფონში, ფონდ „სოხუმის“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრით, კულტურულ–ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ იმყოფებოდა, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. შეხვედრას, რომლის მთავარი თემა იყო გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ პოლიტიკაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების აქტიური წევრები ესწრებოდნენ.

ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლმა, ემა კამკიამ, მონაწილეებს გენდერული მიმართულებით ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება და ამ ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი: „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში – სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის“ გააცნო. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ბაღდადისა და ხარაგაულის შესაბამისი სამსახურებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: სოფო ნატრიაშვილი, ინგა ბერაძე, ხათუნა მანჯავიძე, ისაუბრეს გენდერული საკონსულტაციო საბჭოებისა და გენდერული მრჩევლის ინსტიტუტზე და თავიანთი მუნიციპალიტეტების მაგალითზე ზესტაფონელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მასზე, თუ რა მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაში და რა რეკომენდაციების გაცემა შეუძლიათ, ფონდის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა დასკვნით გამოსვლაში, შემაჯამებელი სახით ჩამოაყალიბეს:

„ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, როცა გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივ პოლიტიკაში უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. საჭიროა გენდერული მიმართულების ინსტიტუციური განვითარება. უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული ანალიზი და დაგეგმვა, ისე, რომ დიდი იყოს მასში მოსახლეობის ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება. ასევე უნდა დაიწყოს ფინანსისტებისა და იურისტების გადამზადება გენდერულ საკითხებში. იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გზამკვლევი დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, არსებული გამოწვევების დაძლევაში“, – განაცხადა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენელმა ემა კამკიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები