მარიუპოლში გატაცებული მილიციის უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

     მარიუპოლის მილიციის უფროსი ვალერი ანდროშჩუკი, რომელიც 9 მაისს შეტაკებების დროს გაიტაცეს, გარდაცვლილი იპოვეს.
წყაროს ცნობით, მისი გვამი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით, თვითმხილველმა გაავრცელა.
მილიციაში უფროსის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ,,ოფიციალურად ვალერი ანდროშჩუკის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია“- აცხადებენ მილიციაში.
ადგილობრივი საინფორმაციოს ცნობით, ანდროშჩუკი 9 მაისს სეპარატისტებმა გაიტაცეს. რადიკალური პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ოლეგ ლიაშკო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ,,პოლიციის უფროსი შეტაკებების დროს ხალხს დაუნდობლად ესროდა’’
ოფიციალური ვერსიით კი 9 მაისს შეიარაღებული ხალხის ჯგუფმა მარიოუპოლში მილიციის სამმართველოს შენობა აიღო, ამ შეტაკების დროს 20 ადამიანი დაიღუპა.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ქალაქში მილიციის თანამშრომლებს შორის განხეთქილება მოხდა, ამბოხის ჩასახშობად ნაციონალური გვარდიის თანამშრომლები გადაისროლეს. სწორედ ამ დროს გასცა ბრძანება ანდროშჩუკმა მის დაქვემდებარებაში მყოფებს, რომ ძალა გამოეყენებინათ პრორუსი აქტივისტების წინააღმდეგ, თუმცა მათ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ,,ხალხის მხარეს გადადიოდნენ“. მილიციის უფროსმა ერთ-ერთ მათგანს ესროლა, ხოლო შემდეგ კი კაბინეტში ჩაიკეტა და დასახმარებლად ნაციონალური გვარდია გამოიძახა.
ამის შემდეგ იგი მიმალვას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იგი დაიჭირეს სასტიკად სცემეს შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში, ბოლო თვეების განმავლობაში პროპუსული გამოსვლები მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც რუსეთთან მიერთება და ფედერალიზაცია იყო. გამოსვლებს ადმინისტრაციული შენობების დაკავება და არეულობები მოჰყვა . უკრაინის ხელისუფლებამ საპასუხოდ დონეცკის ტერიტორიაზე მასშტაბური ძალისმიერი ოპერაციები განახორციელა. შეიარაღებული შეტაკებების დროს რეგიონში ათობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები