თათა ასათიანი: ნარკოდამოკიდებულება, ზოგადად, საზოგადოების კრიზისზე მიანიშნებს

„აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკი ადამიანისთვის მავნეა, ამიტომ დაუშვებელია მისი პოპულარიზაცია – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმმა-ნარკოლოგმა, თათა ასათიანმა განაცხადა.
“ნარკოტიკი ბერძნული სიტყვაა და გამაბრუებელ საშუალებას ნიშნავს, მისი არსებობის ისტორია, იმდენად ხანგრძლივია, რამდენადაც კაცობრიობის ისტორია და მისი მოთხოვნილება, გათავისუფლდეს ამათუიმ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტკივილისგან.
არსებობს 3 ძირითადი სახის ნარკოტიკული საშუალება ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე მოქმედების მიხედვით: დეპრესანტები – რომლებიც ახდენენ ცენტრალურ ნერვიულ სისტემაში შემაკავებელი პროცესების გაძლიერებას, მისი კლინიკური გამოვლინებაა სედაცია, ძილიანობა, მოთენთილობა და ა.შ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ალკოჰოლი, ოპიუდები, ინჰალიანტები, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია. ფსიქოსტიმულატორები, რომლებიც ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე იწვევს გამააქიურებელ-აღმაგზნებელ ზემოქმედებას ამ ჯგუფიდან ყველაზე ფართოდ მოხმარებადია, კოკაინი, ანფეტამინი, მეტოანფეტამინი, ეფედრინი და ა.შ. და მესამე ჯგუფი, ჰალუცინოგენები – ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ადამიანის აღქმის ცვლილებას, ილუზიებისა და ჰალუცინაციების განვითარებას, ასეთ ნარკოტიკს მიეკუთვნება ელესდე, მესკალინი და ა.შ. რაც შეეხება ნარკოტიკების წარმოშობას, ისიც სამ სახეობად იყოფა, ბუნებრივი, ნახევრადსინთეზური და სინთეზური ნარკოტიკები.
არავინ დავობს, რომ ნებისმიერი წამალდამოკიდებულება გახლავთ ქრონიკული დაავადება, რომელიც პროგრესირებს. ნარკოდამოკიდებულება მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც ერთი კონკრეტული მიზეზით არაა გამოწვეული, აქ მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა და ფსიქო-სოციალური მიზეზები, უკანასკნელ პერიოდში ამ სამ მიზეზს დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი, სულიერების პრობლემა.
ნარკოდამოკიდებულის დასჯას თუ რაიმე სახის აღმკვეთ ღონისძინებას, არანაირი აზრი არ აქვს. ამ დაავადების პრევენციაზე ზრუნვა ძალიან ადრე უნდა დაიწყოს, პრაქტიკულად ადამიანის დაბადებისთანავე. დიდი გავლენა აქვს ოჯახში კონსტრუქციულ გარემოს და ჯანსაღ ურთიერთობებს.
ნარკოდამოკიდებულება არ არის ერთი ადამიანის პრობლემა, იგი ზოგად საზოგადოების კრიზისზე მიანიშნებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება რამდენად აძლევს პიროვნებას თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის საშუალებას, დაცულობის შეგრძნებას.
აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკი ადამიანისთვის მავნეა, ამიტომ დაუშვებელია მისი პოპულარიზაცია”, – აცხადებს თათა ასათიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები