გიორგი კვირიკაშვილი:  ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან

“ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დროს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები ემსახურებოდნენ საქართველოს და არა – ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, პრემიერის განცხადებით,  ხელისუფლებას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ ძალიან მკაცრი მიდგომები ექნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცავები, პოლიცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, მომიტინგეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა – ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩაში მდგომი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცავებს, რომ მათ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე – ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები