მილანის სასამართლომ ბერლუსკონის რეაბილიტირების გადაწყვეტილება მიიღო

მილანის სამეთვალყურეო სასამართლომ, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის რეაბილიტირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც 2013 წელს იტალიის უზენაესმა საკასაციო სასამართლომ ფინანსური მაქინაციების ბრალდების გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოქმედი კანონმდებლობით, სამეთვალყურეო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, სილვიო ბერლუსკონის მიმართ მანამდე გამოტანილი განაჩენი გაბათილებულია. 2013 წელს გამოტანილი განაჩენის გამო, 81 წლის პოლიტიკოსს, მომდევნო 6 წლის მანძილზე, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ჰქონდა ჩამორთმეული. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, მილანის პროკურატურამ უფრო მაღალ ინსტანციაში გაასაჩივროს.
ცნობისათვის, უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის 2013 წელს 4 წლით პატიმრობა ფინანსური მაქინაციების გამო მიუსაჯა, რითაც ქვედა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა ბერლუსკონის სასჯელი 1 წლამდე შემცირდა, იტალიის შეწყალების კანონის თანახმად. როგორც ცნობილია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება, იტალიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რომელში მონაწილეობის მზადყოფნაც ბერლუსკონის პარტიამ უკვე გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები