პაკისტანში აფეთქებას პოლიციელი ემსხვერპლა
პაკისტანის ქალაქ კოჰატში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, ავტობუსების სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. დეტონაციის შედეგად გარდაცვლილია ერთ პოლიციელი, ხოლო 13 ადამიანი, სხვადასხვა ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული და მაშინ აფეთქდა, როდესაც პოლიციის პატრული ავტობუსების სადგურს მიუახლოვდა.
ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს, დაადგინოს ბომბის დეტონაცია დისტანციურად მოხდა თუ თაიმერიანი მოწობილობის მეშვეობით.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, 13 დაშავებულიდან 5 ადამიანის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.
კოჰატის რეგიონი პაკისტანის სასაზღვრო ზონასთან მდებარეობს, სადაც უცხოელი თუ ადგილობრივი ისლამისტების ჩართულობით, ძალიან ხშირად ხდება მსგავსი ინციდენტები. მთავრობამ რეგიონში უკვე არაერთი ანტი-ტერორისტული ღონისძიება ჩაატარა, თუმცა სიტუაცია კვლავაც უმართავია.