ნიკოლ ფაშინიანმა, ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შესახებ, განკარგულება უკვე გამოსცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საკუთარი ადმინისტრაციის შექმნის განკარგულებას, დღეს ხელი მოაწერა. „შეიქმნას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ათი დღის ვადაში წარმოადგინოს თანამშრომლების სია, ხოლო 14 დღის განმავლობაში – ადმინისტრაციის წესდება“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც სამთავრობო ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს. ეს მისი ამ პოსტზე არჩევის მეორე მცდელობა იყო, რომელიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საბოლოოდ მოხერხდა. ცნობისთვის, ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა 13 აპრილიდან აგორდა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის დანიშვნა მოხდა. ხანგრძლივი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შედეგად, სარგსიანი იძულებული გახდა, პოსტიდან გადამდგარიყო. რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე დანიშვნის სურვილი მაშინვე გამოთქვა, რასაც სომხეთის მოქალაქეებმაც აქტიურად დაუჭირეს მხარი.