ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მიმართ სანქციების ჩამონათვალს აფართოებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, სანქციები გააფართოვა. სანქციების ჩამონათვალში, რომელიც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ექვსი ფიზიკური პირი და სამი კომპანიაა შეყვანილი, რომლებიც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან” კავშირში არიან შემჩნეულები.
„ირანის რეჟიმი და ირანის ცენტრალური ბანკი ბოროტად იყენებდნენ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ეკონომიკურ სუბიექტებზე წვდომას დოლარის შეძენის მიზნით, რაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ქმედებების დასაფინანსებლად იქნა მოგვიანებით გამოყენებული, მათ შორის, რეგიონალური მხარდამჭერების შეიარაღებისა და დაფინანსების მიზნით“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შემოღებულია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ერთად „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კონტროლის ქვეშ მყოფი სავალუტო გაცვლის მასშტაბური ქსელის პარალიზების მიზნით.
ეს ირანისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლის შესახებ, განცხადება გააკეთა.