დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეიდან ჩამოფრენილ მაიკლ პომპეოს, აეროპორტში შეეგება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაკლ პომპეოს თვითმფრინავს ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე პირადად დახვდა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი დაასრულა. კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები პომპეომ ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით გამართა. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მაიკლ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ამერიკის 3 მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე შეთანხმებაც შეძლო, რის შედეგადაც, კიმ ჩენ ინმა ამერიკის მოქალაქეები გაათავისუფლა.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, პომპეო შტატებში სამ ყოფილ პატიმართან ერთად გამოემართა. სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი სამხედრო ბაზის აეროდრომზე გვიან ღამით დაეშვა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ქვეყნის პირველი ლედი, მელანია ტრამპი პირადად დახვდნენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლების იმედი არ ჰქონდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენს ინს, გამოჩენილი ჟესტისთვის მადლობა ჟურნალისტების თანდასწრებით გადაუხადა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის, ისტორიული შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში, სინგაპურში გაიმართება.