ირანის პარლამენტში ამერიკის დროშა დაწვეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, ირანის პარლამენტის სხდომაზე, ამერიკის დროშა დაწვეს. ირანელი პარლამენტარების განცხადებით, აღნიშნული ჟესტით, მათ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. დროშის დაწვის ფონზე, ირანის პარლამენტში სკანდირებდნენ -„სიკვდილი ამერიკას!“.
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანი რამდენიმე კვირას მოიცდის, რათა შეაფასოს აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის შედეგები.
ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე, განცხადება გუშინ გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.