მონტენეგროში ჟურნალისტს ესროლეს

გასულ ღამეს მონტენეგროში ჟურნალისტს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია-საშუალებები იუწყებიან. არსებული ინფორმაციით, ოლივერა კალიჩის, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკითაა დაკავებული და ხშირად ქვეყანაში გამეფებულ ორგანიზებულ დანაშაულზე წერს, საკუთარ სახლთან უცნობები დახვდნენ, სცემეს და ესროლეს.
ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. ამ დროისთვის, ექიმებმა ცნობილი ჟურნალისტის მდგომარეობის დასტაბილურება მოახერხეს. ოლივერა კალიჩის რედაქტორის განცხადებით, ჟურნალისტმა მოახერხა თავდამსხმელის და მისი თანმხლები კიდევ ორი პირის დანახვა, რომლებმაც გასროლის შემდეგ სწრაფად დატოვეს შემთხვევის ადგილი.
ეს ოლივერა კალიჩიზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მას 2012 წელსაც დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, თუმცა, დამნაშავემ პენიტენციური სისტემა მაშინ ვადაზე ადრე დატოვა.
გაეროსა და ეუთოს მონაცემებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, მონტენეგროში, 12 ჟურნალისტს დაესხნენ თავს, ერთი კი მოკლეს. მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ეუთოს წარმომადგენლის განცხადებით, ევროპის მასშტაბით მონტენეგროში, ამ მხრივ, ყველაზე სავალალო მდგომარეობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები