ქაბულში აფეთქებების სერიამ არეულობა გამოიწვია
ბოლო მონაცემებით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი კოორდინირებული სამი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანია დაშავებული. აფეთქებების სერიის შემდეგ, შეიარაღებულმა პირებმა, მიმდებარე შენობების სახურავებზე დაიწყეს პოზიციების გამაგრება, საიდანაც, ცოტა ხანში, პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ამ წუთებში პოლიციამ ქაბულის ცენტრალურ რაიონს კორდონი შემოავლო და ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.
სამართალდამცველების განცხადებით, დეტალური ინფორმაცია, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურ უბანში მდებარე საერთაშორისო ბანკის თანამშრომლები კვლავაც შენობაში იმყოფებიან, რამდენიმე ათეულ მოქალაქესთან ერთად, რომლებიც დაწესებულებამ სროლისას შეიფარა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.