ქაბულში ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთმანეთის მიყოლებით, სამი აფეთქება მოხდა, რასაც, ქაბულის ქუჩებში, ინტენსიური სროლები მოყვა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის შესასვლელთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
ამ ეტაპზე, აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, აფეთქებები ქაბულის იმ უბანში განხორციელდა, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა. სწორედ ამ უბანშია განთავსებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, სახელმწიფო დაწესებულებები და პოლიცია.
ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ქაბულში არაერთი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ათობით ადამიანია გარდაცვლილი. თავდასხმები და აფეთქებები მას შემდეგ გახშირდა, რაც „თალიბანმა“, საგაზაფხული გააქტიურების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები