ბენიამინ ნათენიაჰუ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნათენიაჰუ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას, გაბედული ნაბიჯი უწოდა.
„ისრაელი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გადაწყვეტილებას, უარი თქვას საშინელ შეთანხმებაზე ირანის ტერორისტულ რეჟიმთან“-აღნიშა ნათენიაჰუმ.
„ისრაელი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ბირთვულ შეთანხმებას, ვინაიდან ის გზას უხსნიდა ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისთვის. სანქციების მოხსნამ უკვე გვიჩვენა საზარელი შედეგები. ამ შეთანხმებამ ირანის აგრესია არ შეამცირა, პირიქით, მკვეთრად გაზარდა ის და ჩვენ ამას ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ. შეთანხმების დადების შემდეგ, ირანის აგრესია ყოველდღიურად იზრდებოდა ერაყში, ლიბანში, იემენში, ღაზაში და სირიაში, სადაც ირანი ცდილობს სამხედრო ბაზები შექმნას, რათა ისრაელზე თავდასხმა მიიტანოს“, – აღნიშნა ბენიამინ ნათენიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე, განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ისაუბრა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.