დონალდ ტრამპი იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნაზე არ ჩავა
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იერუსალიმში დაგეგმილ აშშ-ის საელჩოს გახსნაზე არ ჩავა. არსებული ინფორმაციით, ღონისძიებას არც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი დაესწრება.
თეთრი სახლიდან მიღებული ინფორმაციით, ამერიკის პირველი პირების ნაცვლად, ცერემონიას იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის დელეგაცია დაესწრება, რომლის შემადგენლობაშიც ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი მოიაზრებიან.
დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი გასულ წელს აღიარა, რითაც თავისი პოლიტიკური მოკავშირეების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებიც ღიად აღნიშნავდნენ, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის მიღწევის პროცესს კიდევ უფრო გაართულებდა.