დონალდ ტრამპი, ირანის შეთანხმების საკითხზე, გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოაცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გამოვა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან.
მიუხედავად ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგობისა, ტრამპი უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ირანის ბირთვულ შესაძლებლობებს ხსენებული შეთანხმება სრულყოფილად ვერ ფარავს. არსებული ინფორმაციით, ტრამპის ეჭვებს, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთ უკვე იზიარებენ, თუმცა მაინც ცდილობენ, რომ არსებული შეთანხმების შენარჩუნება მოხდეს. ტრამპმა ტვიტერის მეშვეობით უკვე განაცხადა, რომ სამშაბათს, ადგილობრივი დროით ზუსტად 2 საათზე, ის ირანის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გააჟღერებს.
ბოლო ორი კვირის მანძილზე, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა არაერთი პირადი შეხვედრა და სატელეფონო საუბარი გამართა ევროპის ლიდერი ქვეყნების მმართველებთან. ტრამპმა მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დადებულ ხელშეკრულებას, ირანთან ყველაზე ცუდად შედგენილი შეთანხმება უწოდა. როგორიც უნდა იყოს გადაწყვეტილება, მსოფლიო მის შესახებ დღეს, აშშ-ის ადგილობრივი დროით ზუსტად 2 საათზე, გაიგებს. მას თავად ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოაცხადებს.