პოლონეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, ნარკოდილერთა ბანდის წევრები დააკავეს
პოლონეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების სამართალდამცველევმა, ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდილერთა ბანდის წევრების ლიკვიდაცია მოახდინეს.
სპეცოპერაციას პოლონეთში 200-მდე პოლიციელი ატარებდა. მათ 4 უკანონო ლაბორატორია აღმოაჩინეს, სადაც ამფეტამინის დამზადება მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა ლაბორატორიიდან 134 კილოგრამი ამფეტამინი ამოიღეს და კრიმინალური დაჯგუფების 7 წევრი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პოლონელმა სამართალდამცველებმა, კომპლექსური გამოძიების შედეგად, დაადგინეს, რომ პოლონეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში მოქმედებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერებები პოლონეთიდან გერმანიასა და ნიდერლანდებში გადაჰქონდა. შემდეგ კი, მიწოდებული ნივთიერების საშუალებით, ხდებოდა ამფეტამინისა და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების დამზადება.