ნიგერიაში ორმაგ ტერორისტულ აქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის ქალაქ მუბიში მომხდარი ორმაგი ტერორისტული აქტის შედეგად, 86 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ “ფრანს პრესის” ახალი ამბების სააგენტო იტყობინება.
მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად, ტერაქტის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტერორისტებმა 86 ადამიანი მოკლეს.
ფრანს პრესის ინფორმაციით, მათ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ სასაფლაოს ადმინისტრაციისგან შეიტყვეს. სააგენტოს ცნობით, სასაფლაოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, თავდაპირველად 76 საფლავი მომზადდა გარდაცვლილებისთის, ხოლო მოგვიანებით კიდევ 10 საფლავის გათხრა გახდა საჭირო. სასაფლაოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვილილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღნიშნებოდათ.
ნიგერიის ქალაქ მუბის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთის სიახლოვეს აიფეთქა, ხოლო მეორემ მუსულმანური სალოცავის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე.
ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში უკვე დიდი ხანია, რაც უშედეგოდ ებრძვიან „ბოკო ჰარამის“ ტერორისტულ დაჯგუფებას, რომლებიც რადიკალური ისლამის მომხრეები არიან. ბოლო ხანებში, ქვეყანაში მომხდარი ტერორისტული აქტების უმეტესობა სწორედ ხსენებული დაჯგუფების წევრების მიერაა განხორციელებული.