თბილისში ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

3-23 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 3 მაისს, ხუთგზის „გრემის“ მფლობელი ვოკალური ჯგუფის The Swingles კონცერტი ჩატარდება;
10 მაისს, მსმენელის წინაშე სამგზის „გრემის“ მფლობელი ამერიკელი ლეგენდარული ჯაზვოკალისტი Dee Dee Bridgewater წარდგება;
19 მაისს, ავსტრიული ვირტუოზული შესაძლებლობების ინსტრუმენტალისტთა ანსამბლის „Janoska Ensemble “ კონცერტია დაგეგმილი;
23 მაისს კი, ფესტივალი ქართველი ჯაზვოკალისტის მაია ბარათაშვილის, თბილისის ბიგბენდისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. საიუბილეო კონცერტი მაია ბარათაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წელს მიეძღვნება.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს მიეძღვნა.
ფესტივალი ყოველწლიურია; თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიც არიან:  The Manhattan Transfer, New York Voices, TAKE 6, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველის კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები