ირმა ინაშვილი: პრეზიდენტს უნდა მივცეთ საშუალება ჩაერთოს დებატებში

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პრეზიდენტის მიერ სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ დებატების ფორმატთან დაკავშირებით რეგლამენტი უნდა შეიცვალოს.
„მემგონი პრეზიდენტს უნდა მივცეთ საშუალება ჩაერთოს დებატებში, თვითონ სიტყვა დებატი არ ნიშნავს მონოლოგს და მონოტონურობას. დებატი ნიშნავს ცოცხალ დისკუსიას. მე მოგიწოდებთ გადავხედოთ არსებულ რეგლამენტს, დღევანდელი დღე მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია რეგალმენტის შეცვლა, სიმაყით რომ იხსენებთ ჟვანიას დროინდელი რეგლამენტი გვაქვსო, ჟვანიას მერე ეპოქა შეიცვალა, პოლიტიკური პროცესები იცვლება, ახალი სტილის პოლიტიკოსები გამოდიან არენაზე, ყველას აქვს თავისი ტემპორიტმი და თავისი ხასიათი და შესაბამისად, რეგალმენტიც საჭიროებს ცვლილებას. მოგვწონს თუ არა გიორგი მარგველაშვილის საქციელი? პარლამენტის თავმჯდომარემ თქვენ ჩვენი მასწავლებელი კი არა ხართ, რომ შეკითხვა ამ კონტექსტში დაგვისვათ, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს, დისციპლინაზე ელაპარაკეთ თქვენი უმრავლეობის წევრებს და ჩვენ ნუ მოგვიწოდებთ გავაკეთოთ რაღაც კონკრეტული შეფასებები პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით, მითუმეტეს რომ არაფერი არაორდინალური არ მომხდარა. არის ცოცხალი პროცესი, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ და პრეზიდენტს უნდა მივცეთ დისკუსიაში ჩართვის საშუალება“, – განაცხადა ირმა ინაშილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კამათი უძღვოდა.
გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მას მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი, მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
აღნიშნულის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა პარლამენტში ხუთწუთიანი შესვენება გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები