ზეზვა მედულაშვილს 3 მაისს მშობლიურ სოფელ არაშენდაში დაკრძალავენ

79 წლის ასაკში ცნობილი მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე, პოლიგლოტი ზეზვა მედულაშვილი გარდაიცვალა. მწერალი ხანგრძლივად ავადმყოფობდა.
ზეზვა მედულაშვილს 3 მაისს გურჯაანის რაიონის მშობლიურ სოფელ არაშენდაში დაკრძალავენ.
1957 წელს „ვერცხლის მედლით“ დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანოლოგიის განხრით, სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე. პირველივე კურსის მეორე სემესტრიდან გადაიყვანეს ახალგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორც არმენოლოგმა, თუმცა სპარსულის სწავლა არ მიუტოვებია და დამოუკიდებლად განაგრძობდა უფრო ღრმად შესწავლას და დაუფლებას. ასევე დამოუკიდებლად სწავლობდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს.
1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“.
ზეზვა მედულაშვილის თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი.
1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
ზეზვა მედულაშვილი არის პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქე.
მას მიღებული ჰქონდა პრემიები: ივანე მაჩაბლის, ეღიშე ჩარენცის (სომხეთი), ნაჯაფ ნაჯაფოვის (აზერბაიჯანი) პრემია, საბას პრემია, საგურამოს პრემია. იყო ღირსების ორდენის კავალერი, ასევე ქართული კულტურის ამაგდარის და ქართული კულტურის დესპანის მედლების მფლობელი.
ზეზვა მედულაშვილის პანაშვიდები გაიმართება მისამართზე: კახეთის გზატკეცილი 36-3, მეორე სადარბაზო, ბ. 34.
3 მაისს, 10:00 საათზე  კი, მას არაშენდაში გადაასვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები