თბილისმა 21-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლა
28-30 აპრილს, თბილისმა 21-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები გაიმართა.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს – „ჯაზის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვევა.
თბილისის 21-ე ჯაზფესტივალი, Event Hall-ში ცნობილმა ამერიკულმა ჯაზტრიო Bad Plus-მა გახსნა. 29 აპრილს კი, კლუბ “რესპუბლიკაში” მსმენელის წინაშე, აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი Naturally 7 წარდგა. კონცერტის შემდეგ კი, ქართველი მსმენელის წინაშე DJ Derrick McKenzie (Jamiroquai) და Steve Taylor (iCulture) წარდგნენ.
ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში რიგით 21-ე ჯაზფესტივალი Miles Electric Band-მა დახურა, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ჰყავდა. ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები – Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო, რომლის შემადგენლობაში არიან სანდრო კვაჭაძე (ბასი/ვოკალი), გიგი ცინცაძე (გიტარა), დანიელ ადიკაშვილი (დრამი); ასევე კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა კონცერტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 2018 წლიდან, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას სწორედ 21 -წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზფესტივალით გააგრძელებს.
ფესტივალის წარმდგენი: „თი-ბი-სი ბანკის“ პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია;
ფესტივალის სპონსორია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, Check In Georgia, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNESCO.