ირაკლი კობახიძე: ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია

„ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და საიმედო საყრდენი საქართველოს შეიარაღებული ძალებია. თქვენ წარმოადგენთ ქვეყნისა და საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელსაც იმედით შეჰყურებს და განსაკუთრებულ პატივს სცემს ჩვენი ხალხი და მთავრობა”,- ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს და საქართველოს პარლამენტის სახელით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ მისიაზე და როლზე გაამახვილა და ყველა ჯარისკაცს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებული პატივია სამხედრო სამსახური თავისუფალი საქართველოს ჯარში. საქართველოს პარლამენტის სახელით დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის მსოფლიოში. საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშობლოს ემსახურებიან არა მარტო ჩვენი საზღვრებისა და მოსახლეობის დაცვით, არამედ შორეულ ქვეყნებში საერთაშორისო უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომითაც. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებაში.
„საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, არსებობის არც თუ ისე დიდი ხნის მიუხედავად, არაერთხელ დაუდასტურეს სამშობლოს თავიანთი თავდადება. დღეს თქვენ არა მარტო ღირსეულად იცავთ სამშობლოს თავისუფლებას, არამედ დიდ როლს ასრულებთ საქართველოს დემოკრატიულ და თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებაში. შეიარაღებული ძალები ჩვენი ხალხის სურვილებისა და მისწრაფებების უპირველესი შემსრულებელია”,-განცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, თითოეული ქვედანაყოფი დამსახურებულად სარგებლობს სიყვარულითა და ავტორიტეტით არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებშიც.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისათვის დაღუპული გმირები გაიხსენა. ირაკლი კობახიძემ მადლობის სიტყვებით მიმართა ვეტერან მებრძოლებს.
„დღევანდელი დღის აღნიშვნისას, ყველაზე დიდი პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისათვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას, სანამ საქართველოში პატივს მიაგებენ ვაჟკაცობასა და სამშობლოს ერთგულებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ვეტერან მებრძოლებს, რომლებმაც თავიანთი ახალგაზრდობა, ენერგია და ხშირად, ჯანმრთელობაც შეალიეს საქართველოს თავისუფლებასა და დიდებას. სამშობლოს დაცვა ყველა ჩვენთაგანის წმინდა ვალია. თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში, ვისაც წილად გხვდათ ამ წმინდა მისიის შესრულება სამშობლოს წინაშე”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ვაზიანში, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები