ლევან მაჭავარიანი: უკვე პირდაპირაა საუბარი, რომ გამორიცხულია უკრაინის რაიმე სახით ნატოში გაწევრება – უკრაინა გამოყენებული იყო ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა
„დღეს უკვე პირდაპირ არის საუბარი, რომ გამორიცხულია უკრაინის რაიმე სახით ნატოში გაწევრება. ასევე, დღეს უკვე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებითაა განცხადებები, რომ უკრაინა გამოყენებული იყო ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი დაწყებულია.
„უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მიდის აქტიური მუშაობა. სავარაუდოდ, იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც და ძალიან გულდასაწყვეტია ამ განცხადებების მოსმენა. ჩვენ კი ეს ყველაფერი კარგად გვესმოდა და ვცდილობდით, მაქსიმალური სიფრთხილით ეს ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის მიგვეწოდებინა – როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, ყველას შევახსენებ, მას ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით მიიღებდნენ, მაგალითად ნატოში.
დღეს უკვე პირდაპირ არის საუბარი, რომ გამორიცხულია უკრაინის რაიმე სახით ნატოში გაწევრება. ასევე, დღეს უკვე აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებითაა განცხადებები, რომ უკრაინა გამოყენებული იყო ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა. ეს ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო. აქედან გამომდინარე ვმოქმედებდით ასე ფრთხილად, პრაგმატულად. ის ზეწოლა, წნეხი, რაც მომდინარეობდა ჩვენს ხელისუფლებაზე, ზუსტად ამისთვის იყო განკუთვნილი, რომ ჩვენც გამოვეყენებინეთ, როგორც სატელიტი, მარიონეტი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ ავიცილეთ. კიდევ როგორი წნეხიც არ უნდა იყოს, ისევ მყარად დავდგებით, რადგან „ქართული ოცნება“ არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი საქართველოში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეხება.