უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევის შესახებ განცხადებებს უარყოფს.
„ცნობები მტრის მიერ კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების სავარაუდო „გარშემორტყმის“ შესახებ არ შეესაბამება რეალობას და შექმნილია რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისა და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლისთვის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კურსკის ჯარის ჯგუფის ოპერატიული ზონაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადაჯგუფდნენ და უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე განლაგდნენ.
„ჩვენი მებრძოლები იგერიებენ მოწინააღმდეგის შეტევით ქმედებებს და ეფექტიანად ურტყამენ მას იარაღის ყველა სახეობიდან. მიმდინარე დღის დასაწყისიდან კურსკის მიმართულებაზე 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კურსკის ოლქში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომელიც სრულ ალყაშია მოქცეული.