დაამთავრა ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი – ხატწერა, ხის, ქვის და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების განხრით. ასევე დაამთავრა კოლეჯი „მერმისი“ მინანქრის განხრით.
ამბობს, რომ ხელნაკეთ ნივთებზე ბავშვობიდან მუშაობდა, თუმცა პროფესიონალურად ამ საქმეს მეორე კურსიდან შეუდგა.
მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. რამდენიმე წლის წინ კი, როცა საქართველოში ნაკლებად იყო ცნობილი პოლიმერული თიხა და ეპოქსიდი, ონლაინკურსები უკრაინელ პროფესიონალებთან გაიარა. მას მერე შეუყვარდა ამ მასალაზე მუშაობა.
„ვფიქრობ, არცერთი საქმე არ გამოვა, თუ არ გიყვარს. მას შემდეგ ვმუშაობ ამ მასალით და ვქმნი სხვადასხვა ნივთს. მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ვუზიარებ იმ ცოდნას, რაც ამდენი წლის განმავლობაში დავაგროვე“. – ნინო გოზალიშვილის პერსონა.
– ერთხანს ხატწერით იყავით გატაცებული… სად ინახება თქვენი დაწერილი ხატები?
– ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული ფერწერით და ხატწერით. სიონის სამრევლო ხატწერის სკოლაშიც ამიტომ შემიყვანეს. უნივერსიტეტის პერიოდი ალბათ როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც დაუვიწყარი იყო, ჩემი დაწერილი ხატები სხვადასხვა ეკლესიაშია – გურიაში, რაჭაში და რამდენიმე კარგი ადამიანის სახლში, გამორჩევა გამიჭირდება, თუმცა ალბათ რაჭაში, ზემო ბარში, მთავარანგელოზის ეკლესიაში დაბრძანებულ ხელთუქმნელ ხატს დავასახელებდი.
– რატომ თიხა და ეპოქსიდი?
– პირველი – ვიზუალური მხარე მომწონდა, მეორე ის, რომ მაშინ, როდესაც მე დავინტერესდი, ახალი და უცხო იყო.
– სოციალურ ქსელში მოსწონთ ეპოქსიდის ლარნაკები, ყვავილებით მოვარაყებული ფინჯნები…
– თუ გვინდა, რომ ყვავილებით დავამზადოთ, აუცილებელია კარგად გამომშრალი ყვავილები, რომლებსაც დავალაგებთ ეპოქსიდის პირველ ფენაზე, გავაშრობთ და შემდეგ მეორე ფენას დავასხამთ. ასე მარტივად თუ ავხსნით, თუმცა ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
– ნაკეთობების პოპულარიზაციაში გეხმარებათ თქვენი ოჯახის ახლობელი – ბარბარე. თუ სურს, თავადაც დაამზადოს, ისწავლოს ეპოქსიდის ხელოვნება?
– ბარბარეც ძალიან მონდომებულია, რომ კარგად ისწავლოს, თუმცა უფრო მეტად პოლიმერული თიხა იტაცებს.
– ერთი ნივთის ისტორია…
– ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთ ძველ ნამუშევარს გამოვარჩევდი, მინიატურული კომპოზიციაა, რომელიც ზღაპრულ სამყაროს ჰგავს, თითქოს მიწის პატარა ნაჭერი მოჭრეს და ცაში ააფრინეს. იქ სრული იდილიაა, დრო ულევი, აყვავებული ხე – სიცოცხლის სიმბოლოდ დგას. ეს ყველაფერი მინის გუმბათშია მოქცეული, თითქოს იცავს გარე სამყაროსგან, შესრულებულია პოლიმერული თიხით და ეპოქსიდით.
– რაზეა დამოკიდებული ბიზნესის წარმატება დღევანდელ საქართველოში?
– უწინარესად, არ უნდა იყოს მასობრივი, სხვა ნამუშევრების მსგავსი, უნდა იყოს ხარისხიანი და გემოვნებიანი, თუმცა წარმატების მიღწევა ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს – ჩვენს სფეროში, ვფიქრობ, ურთულესია. როდესაც ასეთ ხარისხზე მუშაობ, რა თქმა უნდა, ხარჯიც მეტია. მყიდველისთვის კი არ არის მარტივი.
– შთაგონება… ალბათ ადვილი არ არის ორიგინალური დიზაინის მოფიქრება…
– შთაგონება შეიძლება ნებისმიერი რამისგან მეწვიოს, იქნება ეს მოტეხილი ტოტი, ისტორია, მუსიკა, ოცნება, რასაც ვიზუალურად აცოცხლებ.
– გამოფენები…
– გამოფენებში ვმონაწილეობ უნივერსიტეტის პერიოდიდან. დღესაც ილიაუნის ფონდში გამოფენილია ჩემი გრაფიკული და ფერწერული ნახატები, ხეზე ამოკვეთილი ნამუშევრები და ლითონის ნამუშევრები
– სააღდგომოდ რის დამზადებას აპირებთ?
– ვგეგმავ კვერცხისა და პასკის ლამაზად მოსათავსებელი ჭურჭლის და პოლიმერული თიხით აღდგომის და შობის დეტალების დამზადებას.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს საქმე? რა გეგმები გაქვთ?
– ეს საქმე უზომოდ მიყვარს და მსიამოვნებს. როცა სამუშაოდ ვჯდები, აღარ მახსოვს არანაირი პრობლემა, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, ბევრი გეგმა მაქვს. მინდა ისეთი რაღაცები შევქმნა, რაც ჯერ არ შეუქმნიათ და არ წარმოუდგენიათ. ვგეგმავ ცოტა ფართო მასშტაბებზე გასვლას – ჩვენს ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც.
თამარ შაიშმელაშვილი